პრინციპული მატჩი ტეხასში და დემარ დეროუზენის პირველი სამმაგი დუბლი

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საკმაოდ პრინციპული დაპირისპირება გაიმართა. ტეხასში გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიომ“ ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტს, „ტორონტოს“, უმასპინძლა. მატჩს დამატებით ელფერს დემარ დეროუზენისა და კავაი ლეონარდის ფაქტორი სძენდა, რომლებიც ყოფილ გუნდებს წლევანდელ სეზონში პირველად დაუპირისპირდნენ.
„სპურსის“ ქომაგები ლეონარდის დაბრუნებას უარყოფითად შეხვდნენ. ტეხასელმა გულშემატკივრებმა კავაის უსტვინეს და ერთ მომენტში მთელი დარბაზი სიტყვა „მოღალატეს“ სკანდირებდა.
რაც შეეხება დემარ დეროუზენს, „სან ანტონიოს“ მსროლელმა მცველმა  ბრწყინვალედ იასპარეზა და კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი მიითვალა. ამასთან ერთად დეროუზენი ტიმ დანკანის შემდეგ პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც საწყის 24 წუთში მინიმუმ 15 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
უშუალოდ მატჩმა მასპინძლების სრული უპირატესობით ჩაიარა. „სან ანტონიომ“ შესანიშნავი სტარტი აიღო და პირველ მეოთხედში მეტოქეს 19 ქულიანი სხვაობით გაექცა. „რეპტორსმა“ თამაშის შემოტრიალება რამდენჯერმე სცადა, თუმცა გრეგ პოპოვიჩის შეგირდებს პასუხი ყველაფერზე ჰქონდათ და სასურველი შედეგის დაფიქსირება არ გასჭირვებიათ. საბოლოოდ ტეხასელებმა 125-107 იმარჯვეს და 22-ე გამარჯვება გაიფორმეს.
წლევანდელ სეზონში „სპურსი“ პლეიოფის საგზურისთვის იბრძვის. „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციის მეშვიდე ადგილს იკავებს და შემდეგ შეხვედრას კვლავ საშინაო კედლებში, ამჯერად „მემფის გრიზლის“ წინააღმდეგ გამართავს.скачать dle 12.0
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

სტატისტიკა